რაც გინდა ის ქენი

874b5c78e6094c40b8750fad1e17bde0

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არც მე და არც თქვენ ამის გაკონტროლების საშუალება არასდროს მოგვეცემა.მთავარია, საკუთარ თავს ეყო. ან საკუთარი თავი გეყოს. რომელი ფორმულირებაც გინდათ ის მიიღეთ. შენივე ცხოვრების სადავეებს რომ აიღებ ხელთ და შინაგან ხმას აღარ მოატყუებ, მერე უკვე შეიძლება ღირდეს პრინციპებზე ფიქრიცა და საუბარიც.
ჩემი თავის საუკეთესო ვერსია (?) – არ ვიცი როგორია. თუმცა არსებობს და მორჩილად ელოდება ალბათ თავის რიგს – სხვა უღირსი კონკურენტებისგან ობიექტურად როდის გამოვარჩევ და ჩემს სიმტკიცეში ეჭვშეუტანლად მოვიხმობ: -იცი რა, მგონი ვიპოვე შენი ატანის ძალა და ნებისყოფა, დაიკავე ადგილი და შეუდექი საქმეს, ცოტა ხანში შენით უნდა ვიამაყო იცოდე და მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი ეს წვალება ამად ღირს. ის მკითხავს იქიდან – კარგი გინდა იყო თუ ბედნიერიო?

და აი აქ დავიწყებ ფიქრს დიდხანს და დაუსრულებლად. იმიტომ, რომ რაც არ უნდა მკაფიო სიგნალებს გვაძლევდეს ჩვენი ქვეცნობიერი და თუნდაც ცნობიერშიც აპარებდეს მინიშებებს, სხვები რომ გვითითებენ ჩვენს სისუსტეზე, სიმხდალეზე, შიშზე – დისკომფორტი გვექმნება. აქაოდა ჩვენი რუდუნებით მოფრთხილებული საიდუმლო გაიტაცეს და გამოააშკარავესო, ყვითელი პრესის ფურცლებს ანახეს, იმეორეს, იმეორეს დაუღლელადო.

044c7df85c7be2536dcdfc49fbb13885.jpgერთიანად მიწა გეცლება ფეხქვეშ და დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად არაერთგვაროვანი ხარ. არაადეკვატურად განსხვავებული. გონებას ვერ იმორჩილებ და იმიტომ. ან არ გინდა, ან გეზარება, ან სუსტი ხარ, ან ჯერ კიდევ ვერ ხვდები შენს არსებობას რა განსაზღვრავს. ვერა და ვერ მიეჩვიე ამ პრიორიტეტების დალაგებასა და დიფერენციაციას.

20 წამი გეყოფა იმისთვის, რომ ახლა მომენტალურად დაფიქრდე და თქვა, ვისთვის ან რისთვის ცდილობ ასე? ვის გინდა ეყო? რას გინდა აკმაყოფილებდე? შეიძლება იმ მეგობრისთვის, რომლისთვისაც ისეთი შეუცვლელი და აუცილებელი არ აღმოჩნდი, აქამდე რომ გეგონა. საყვარელი ადამიანისთვის? – რომ ისეთი გახდე, როგორიც მას უნდა. კარგი სამუშაო ადგილისთვის? – რომ ისე იაზროვნო და ისეთ პრინციპებს დასჯერდე, რაზეც აქამდე არასდროს იყავი წამსვლელი. შენი ოჯახისთვის? – რომ მათ მიერ წარმოსახულ იდეალს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს და ერთი ერთში შექმნა საამაყო სრულყოფილება შენი პიროვნებისგან. ლექტორისთვის ? – რომ იმ ერთადერთი ფორმულირებით გადასცე შეგნებული ინფორმაცია, რომელიც თავად მიაჩნია მისაღებად და ალტერნატივას არ ცნობს. შენ უნდა ეყო თითოეულ მათგანს, ხომ ასეა? რამენაირად უნდა აღმოჩნდე საკმარისი მეგობრისთვის, შეყვარებულისთვის, მშობლებისთვის, ლექტორისთვის, ბოსისთვის. მოერგე? მოეწყვე? რა მაგარია არა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად არ არის? ჰუჰ, კიდევ კარგი. ამდენსაც არ იმსახურებ და მეტზე პრეტენზია ხომ არ გექნება. – დაიმახსოვრე, არ ხარ ვალდებული მადლობელი იყო იმის გამო რომ ყველაფერი უარესად არაა. შენ იმსახურებ გქონდეს არჩევანი, მისწრაფება, პრეტენზია და მოტივები.

f72e1fc64ea633d7ea9f0739637b6b3e

ნუ გგონია სახლი იქაა სადაც ცხოვრობ. სახლი იქაა, სადაც წასვლა გინდება, როცა ცუდად ხარ, პრობლემებს რომ გაექცე. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, შეგეძლოს ადგე და ერთ დღესაც მიხვდე როდის წამლავ შენ თვითონ საკუთარ ცხოვრებას.

იქნებ, ჩვენ რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის დემონსტრირებას უკეთ ვახერხებდეთ, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. მე, მაგალითად, გულწრფელად ვწუხვარ, რომ გარკვეული ადამიანები ჩემ ირგვლივ არა-მე-ულ მეს იცნობენ და სწამთ, რომ არ ცდებიან. ზოგჯერ თავს არ ვიწუხებ ამის შესაცვლელად, იმიტომ რომ სულერთია. ზოგ შემთხვევაში უბრალოდ დროის უკან დაბრუნება და რამის მოხერხება აღარ შემიძლია. ზოგ შემთხვევაში ვპროგრესირებ. ეს კარგია.

რამდენად ეგოისტურია ის ფაქტი, რომ ვინმეს სთხოვო გაგიგოს, შენი ცხოვრების დეტალები გულთან და მით უფრო გონებასთან ახლოს მიიტანოს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვეს. არავის სთხოვოთ, არასდროს. ხომ არ გაგიჟებულხართ?შენი თავის სიყვარულს და მხარდაჭერად უცხოს ვერ დაავალებ.

იყო და არა იყო რა. ერთ მზიან და ლაჟვარდციან დილას, რომელიც რასაკვირველია გათენდა, გაჩნდა გულყვითელა ჩიტი. გაიზარდა, გაყოჩაღდა, ცხოვრებას სერიოზული თვალით შეხედა და საქმე საქმეზე რომ მიდგა განაცხადა – იყოს, არ მინდა ფრენის სწავლა, ბუდეს გავიკეთებ და მეყოფაო. ბუდე გაიკეთა და უსაშველოდ დიდი ხნის შემდეგ ისე მოკვდა, რომ ეყო (ან ასე სწამდა). ჭირი იქა ლხინი აქა.

ადგე და იპოვო ვინ ხარ სინამდვილეში, დააღწიო თავი დაუსრულებელ იდუმალ წრეზე სიარულს, ძნელია.

გგონია დაჯდები, იფიქრებ, იფიქრებ, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი და ოდესმე ‘გაიზრდები და მიხვდები’ რას უნდა აკეთებდე? რისთვის უნდა ცხოვრობდე?
ნურას უკაცრავად. მხოლოდ მაშინ იცი გინდა თუ არა ეს რაღაც, ან გამოგივა თუ არა წარმოსახულის ის ადეკვატურად, როცა ცდი.

რა მინდა?
ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი?
სად და ვისთან ერთად ყოფნა მიყვარს?
რა მიბრუნებს საკუთარი თავის რწმენას?
რას ვეჭიდები და რატომ?
ვისი იმედი მაქვს?
მერე რა იქნება?

წარმოდგენა არ მაქვს. იმიტომ რომ ყველაფერი ერთი წამია. ერთ წამში ხვდები შეცდომას. ერთ წამში ანგრევ აშენებულს. ერთ წამში ღალატობ. ერთ წამში გიყვარდება. ერთ წამში ამბობ უარს. ერთ წამში თანხმდები. ერთ წამს შეუძლია შენი ცხოვრება განსაზღვროს.

70d59e12d9403482f70284467760073e

7 წლის ვიყავი ხატვაზე რომ დავდიოდი. მანამდე დედაჩემს მყარად სწამდა რომ სოლფეჯიოსთან, ფორტეპიანოსთან, ვოკალთან, ცეკვასთან, ცურვასთან და სკოლასთან ერთად ხატვას ვეღარ მოვასწრებდი. ჰო, აი ასე კომედიურად, ხატვა გახდა პრობლემა. დიდი მონდომებით და დაპირებებით მივაღწიე იმას, რომ გუაშები, ფანქრები და ფორმატები მიყიდეს და ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 3 საათზე ძლივს მივათრევდი მთელ ამ აღჭურვილობას ჯინა მასწავლებელთან და პატარა ოთახში ვისხედით და ვხატავდით ბავშვები. ის 1 საათი წამივით სწრაფად გაირბენდა ხოლმე. ჯინა მასწავლებელს ჩემნაირი პატარებისთვის მუდამ ჰქონდა თემატიკა მზად. ხან თევზებს ვხატავდით ფერად ნიჟარებთან და წყალმცენარეებთან ერთად, ხან შემოდგომის ტყეს, ხან ფუმფულა ზამთარს. ერთ დღესაც სირბილისგან გულამოვარდნილი (დაგვიანების შემთხვევაში დაკლებულ ძვირფას წუთებს ვუფრთხილდებოდი) რომ შევვარდი საკლასო ოთახში, ჯინა მასწავლებელმა აღტაცებული სახით გამოგვიცხადა, დღეს რასაც გინდათ იმას დახატავთო. გავშრი. ჯერ იმიტომ რომ, ვერ გავიგე ეს რატომ უნდა გამხარებოდა. მერე კიდევ იმიტომ, რომ თავისუფალი არჩევანის წინაშე ვიდექი მესამეკლასელი პატარა გოგო და ცხოვრებაში პირველად შემეშინდა. იმ დღეს ფორმატზე უბრალო ხაზიც კი არ დამიხატავს. სრული ერთი საათი ვიჯექი ჩუმად და ვფიქრობდი თავისუფალი თემის არჩევაზე. აი, ხომ მარტივია. რაც მინდოდა იმის დახატვის უფლება მომცეს, მაგრამ მე წარმოდგენაც არ მქონდა რა მინდოდა. 4 ხდებოდა ჯინა მასწავლებელმა გაოცებისგან გაფართოებული თვალებით შემომხედა აი ისე, ფრიადოსანი ბავშვი რომ იტყვის დღეს გაკვეთილი არ ვიციო და მასწავლებელი შეფიქრიანდება. ავდექი ჩუმად და წამოვედი. მთელი ღამე ვიფიქრე თავისუფალ თემაზე. მერე ჩამოვწერე და მომდევნო გაკვეთილზე ჩემი სიით მივედი ხატვაზე იმის შიშით და მოლოდინით კიდევ როდის დამატყდებოდა თავს თავისუფალი თემის არჩევის ახალი უბედურება.

ახლაც მეცინება.
გუშინ 7 თებერვალი იყო. გამოცდები მორჩა. სამედიცინოს მესამე კურსის შემოდგომის სემესტრის დაუსრულებელი გამოცდები.

რა მაგარია. მიდით, რაც გინდათ ის აკეთეთო. რაც გაგიხარდებათო.

სრული თა ვი სუფ ლე ბა მოუციათ.

მე კიდევ ამ თავისუფლების პირველივე დღეს ვზივარ და როგორც მჩვევია, არანორმალურად ბევრ რამეზე ვასწრებ ფიქრს. ჩემს, თქვენს, სხვების საქმეებზე.

98e6831c2859bb18a61e46972b70123a

 

მოვრჩეთ, მეგობრებო.
წამოდით, წავიდეთ სახლში.
ვჭამოთ, ვიფიქროთ და მოვიწყინოთ.
სიყვარულით,

ქეთი

Advertisements

2 thoughts on “რაც გინდა ის ქენი

  1. არარის მარტივი იყო თავისუფალი 🙂 ბევრად უფრო მარტივია უკვე ერთი რამე კონკრეტული შაბლონი აარჩიო და იმას გაჰყვე , რაც მოსწონს საზოგადოებას , შენ მშობლებს , სახელმწიფოს , რელიგიას ან რავიცი კიდე სხვა რამეს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს თუ აზროვნების უნარი გაქვს და კითხვები გიჩნდება? ალბათ შეუძლებელია 🙂

  2. მე ვფიქრობ, თავისუფლება თავად ადამიანის ბუნების ნაწილია. ამ დროს პატარა ბავშვებს უნდა დავაკვირდეთ. რატომ აკეთებენ ამას თუ იმას? უბრალოდ, მათ არ აქვთ შეზღუდვები. თავის უფალი არიან! მერე იწყება შაბლონები, ჩარჩოები, კლიშეები. ხშირად უახლოესი
    ადამიანები გვახვევენ თავს. რთულია ასეთი აღზრდის დროს თავისუფალი აზროვნების შენარჩუნება. ამავდროულად, ცხოვრება ისეთი უსამართლოა, ხშირად მიზნების მისაღწევად გიწევს მდგომარეობაზე თავის მორგება. აი, რამდენად სწორი გადაწყვეტლებაა, უკვე სულ სხვა საკითხია… რამდენი ადამიანია, იმდენი აზრია. 🙂
    P.S. სტატია ა რ ა ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ა ! ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s